პარადოქსული თამაშები (სიურრეალიზმი - 100)
Main Article Content
ანოტაცია
XX საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთ ევროპულ ხელოვნებაში არაჩვეულებრივი სისწრაფით ცვლიდა ერთიმეორეს მხატვრული მიმართულებები, რომელთაც საერთო სახელი - მოდერნიზმი ეწოდა (ფრანგ. Moderne – უახლესი, თანამედროვე). მოდერნისტული მიმდინარეობები სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს და ზოგჯერ თანაარსებობდა კიდეც, ხშირად კი ზოგიერთი მხატვარი თავისი შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მოძრაობის მიმდევარი იყო. ახალგაზრდა მხატვრების მეამბოხე სულისკვეთება, მათი შეხედულებების რადიკალიზმი, შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლა ოფიციალურ, აკადემიურ და სალონურ ხელოვნებასთან შეჯახებას იწვევდა. ამიერიდან ხელოვნებაში სუბიექტური აღქმის თავისებურებებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, ხოლო შემოქმედების შეფასებისას განსაკუთრებული როლი მიენიჭა მხატვრის ინდივიდუალური ხედვის, იდეის ორიგინალური ხორცშესხმის უნარს.
სიურრეალიზმი XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მძლავრი და მკაფიო პროგრამის მქონე მიმდინარეობაა, რომელმაც ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, კინემატოგრაფი და თეატრი მოიცვა. გარკვეულწილად მას იგივე ესთეტიკური საფუძველი ჰქონდა, რაც დადაიზმს - დადაიზმისგან მემკვიდრეობით მიიღო ანარქიული ამბოხის სულისკვეთება, რომელიც დრომოჭმული კულტურული ტრადიციების, აზროვნების და ლოგიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. სიურრეალიზმი (ფრანგ. Surrealisme - ზერეალური) არის მიმდინარეობა, რომელიც უარყოფს გონების როლს ხელოვნებაში და შემოქმედების წყაროს ქვეცნობიერის სფეროში ეძებს. სიურრეალისტურ მსოფლმხედველობას საფუძვლად დაედო ომისშემდგომ ევროპაში გავრცელებული სხვადასხვა იდეალისტურ-ფილოსოფიური მოძღვრებები. მისი ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ანრი ბერგსონის ინტუიტივიზმის ფილოსოფიას და ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზს.
დადაიზმის დაშლის პერიოდში შემოქმედებით ასპარეზზე გამოვიდა პოეტი და ექიმი-ფსიქიატრი ანდრე ბრეტონი (1896-1966). პირველი მსოფლიო ომის დროს ის ნევროლოგიურ ჰოსპიტალში მუშაობდა და ჯარისკაცების მკურნალობისას ფროიდის მეთოდებს მიმართავდა. 1924 წელს მან გამოსცა სიურრეალიზმის პირველი მანიფესტი _ ბრეტონი ცდილობდა გამოეკვლია ადამიანის ყველაზე ძირეული თვისებები - აკრძალული სექსუალური სურვილები, საიდუმლო ფანტაზიები თუ ძალადობრივი ინსტინქტები. ამ შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად, სიურრეალისტებმა სიზმრის ანალიზის, თავისუფალი ასოციაციების, ავტომატური წერის, ვერბალური თამაშების და ჰიპნოზური ტრანსების მეშვეობით ქვეცნობიერის გათავისუფლების სტრატეგია შეიმუშავეს. სიურრეალისტური ესთეტიკის თანახმად ყოფიერების ჭეშმარიტება ქვეცნობიერის სიღრმეშია დამალული, ხელოვნების მიზანი კი მისი გათავისუფლება და სპონტანური ასახვაა. ფროიდის იდეების პარალელურად სიურრეალისტებს მიაჩნდათ, რომ გონების მიერ განდევნილი ფარული აზრები, ლტოლვები, მოგონებები ადამიანის ქვეცნობიერიდან სიზმრებში აღწევს და იქ „არაცნობიერი კომპლექსების“ სახით იჩენს თავს. ხელოვანები ემიჯნებოდნენ გაცნობიერებულ შემოქმედებას, რაც საკუთარ „მე“-ში მიმდინარე უკონტროლო პროცესების თუ წარმოქმნილი სახეების დაფიქსირების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა.