ქრონოტოპული აზროვნების გამოვლენისთვის ქართულ ტრადიციულ და პროფესიულ საგუნდო მუსიკაში
Main Article Content
ანოტაცია
დროისა და სივრცის კატეგორიების მეშვეობით ადამიანმა უძველესი დროიდან ჩამოაყალიბა სამყაროს საკუთარი მოდელი, რომელშიც გამოვლენილია სამყაროს აღქმა და სინამდვილის გააზრება, შეხედულებათა სისტემა მიმდინარე პროცესებზე. როგორც ცნობილია, დროისა და სივრცის შესახებ პირველი წარმოდგენები პალეოლითში ჩამოყალიბდა. ქრონოტოპების (დროისა და სივრცის) სხვადასხვაგვარი აღქმა კულტურის ყველა სფეროში, სხვადასხვა ნიშან-სიმბოლოს საშუალებით გამოიხატებოდა. შესაბამისად, სიმბოლოებისა და ნიშნების ფორმა და მნიშვნელობა საზოგადოების გარესამყაროსადმი შეხედულებისამებრ იცვლებოდა. არქაულ საზოგადოებაში არსებობს მსოფლგაგების ერთადერთი ფორმა - მითი, სადაც დროისა და სივრცის კატეგორიები ერთგვაროვანია და განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენენ. მითოლოგიურ წარსულში მოხდა სამყაროს, საკრალური დროისა და სივრცის გაჩენა, რომელთაც აუხსნელი, განსაკუთრებული ძალა მიეწერებოდათ. წარმოდგენები თანდათან შეიცვალა მეცნიერული შეხებულებებით, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება დროით-სივრცულ ასპექტებზე XX საუკუნიდან გამახვილდა. მისი ფილოსოფიური და მხატვრული ასპექტებით მუსიკალურ ხელოვნებაშიც დაინტერესდნენ.
კვლევის მიზანს ქართულ ტრადიციულ და პროფესიულ საგუნდო მუსიკაში ქრონოტოპული აზროვნების თავისებურებების გამოვლენა წარმოადგენს. შესაბამისად, მასში განხილულია გავრცელებული წარმოდგენები დროით-სივრცული კატეგორიების შესახებ; გამოყოფილია ზოგადაღმოსავლური, დასავლეთევროპული და ქართული მითოლოგიური ქრონოტოპული მხატვრულ-ფილოსოფიური მიდგომები; გაანალიზებულია მათი ასახვის პრინციპები ქართულ სასიმღერო ფოლკლორში და მასზე აღმოცენებულ პროფესიულ საგუნდო მუსიკაში ჟანრის კლასიკოსის - ნიკო სულხანიშვილის გუნდების მაგალითზე.