კარლო გოლდონის კომედიების ინტერპრეტაციები
Main Article Content
ანოტაცია
იტალიური კომედიის კლასიკოსის, კარლო გოლდონის პიესების მიხედვით გახორციელებულ დადგმებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული თეატრის ისტორიაში. დიმიტრი ალექსიძის მიერ დადგმულ კარლო გოლდონის პიესებს ალექსიძის „გოლდონიადა“ უწოდეს თეატროლოგებმა.
დიმიტრი ალექსიძის მიერ 1936 განხორციელებულ კარლო გოლდონის „სასტუმროს დიასახლისს“ უპრეცენდენტო წარმატება ხვდა წილად.
1936 წელი ტრაგიკული პერიოდი იყო საქართველოს ცხოვრებაში - მორიგი რეპრესიების პერიოდი იწყებოდა. 1937 წელს რეპრესიები კულმინაციას აღწევს. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ჯგუფთან დადგმული „სასტუმროს დიასახლისი“ სრული ანშლაგით მიდიოდა. რეპრესიებით დათრგუნული ქართველი ხალხი კომედიის ნახვით თვითგადარჩენის გზას ეძებდა თითქოს. მოგვიანებით ამ სამსახიობო ჯგუფის საფუძველზე შეიქმნა ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
1942 წელს რუსთაველის თეატრში გოლდონის პიესა დაიდგა სათაურით „საპატარძლო აფიშით“. 1942 წელი ყველაზე რთული წელი იყო მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის პერიოდში. ჰიტლერს ნახევარი საბჭოთა კავშირი დაპყრობილი ჰქონდა და ფაშისტური არმია კავკასიონს იყო მომდგარი. საქართველოდან ომში წასული ახლგაზრდების რიცხვი შვიდასი ათასი იყო. უკვე მრავალ ოჯახს ქონდა მიღებული შვილის დაღუპვის უწყება... გოლდონის პიესის აბსურდული ვითარება დიმიტრი ალექსიძის დადგმაში კომიკურთან ერთად, მამხილებელი პათოსითაც გამოირჩეოდა. თუ დავუმატებთ სპექტაკლის ჭეშმარიტ ფეიერვერკულობას, ცხადია, გასაგები გახდება, თუ რატომ გადიოდა მეორე მსოფლიო ომის ყველაზე რთულ პერიოდში „საპატარძლო აფიშით“ სრული ანშლაგით რამდენიმე წლის განმავლობაში.
გოლდონის მესამე პიესა, რომელიც დიმიტრი ალექსიძემ დადგა 1946 წელს, იყო „ორი ბატონის მსახური“. რეპრესიებისა და ომის ურთულეს წლებში დიმიტრი ალექსიძის სიხალისით, ფანტაზიით და გამომგონებლობით სავსე სპექტაკლებს იმედის სხივი შემოქონდათ მაყურებელთა გულებში და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ.
სტატიაში გამოყენებულია რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული მასალები, XX საუკუნის თეატრის მოღვაწეთა მოგონებები დიმიტრი ალექსიძის შესახებ, ცნობილი თეატროლოგების ანალიტიკური ტექსტები და ა.შ.
ოთხმოცდარვა წელი გვაშორებს დიმიტრი ალექსიძის გოლდონიადის დაწყებიდან. ორმოცი წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან. ქართული თეატრის ისტორიაში კი რეჟისორმა სრულიად გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა. გოლდონიადა მნიშვნელოვანია რეჟისორის ბიოგრაფიაში, უპირველეს ყოვლისა იმის გამოც, რომ მისით იწყება დიმიტრი ალექსიძის წარმატებული მოღვაწეობა ქართულ თეატრში. თაობათა იძულებითი ჩანაცვლების პროცესი, რომელიც სანდრო ახმეტელის დახვრეტის შემდგომ მოხდა რუსთაველის თეატრში, ამ კომედიებით, თითქოს ერთგვარი სიცოცხლის და ოპტიმიზმის ნაკადით შემოვიდა და ასევე იქცა ქართველი მაყურებლის ერთგვარად სიყვარულის, სიხალისის და ოპტიმიზმის წყაროდ. ამიტომაც იყო გოლდონიადა უმნიშვნელოვანესი პერიოდი ქართული თეატრის ისტორიაში.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დიმიტრი ალექსიძის მიერ კარლო გოლდონის პიესების ინტერპრეტაციებით ქართული თეატრის ისტორიაში შეიქმნა სრულიად უნიკალური სტილი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ქართულ სათეატრო ხელოვნებაში კომედიური ჟანრის დამკვიდრებასა და განვითარებაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, XX საუკუნის პირველი ნახევრის ალექსიძისეული დადგმები იმ პერიოდის ურთულეს პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაში, ერთგვარად უმსუბუქებდა რუსთაველის თეატრში მისულ მაყურებელს უმძიმეს ყოფას. ამასთანავე, ეს მაღალმხატვრული დადგმები იყო და სწორედ ამ რანგის წარმოდგენებად დარჩა ქართული თეატრის ისტორიაში.
უმთავრესი შედეგი ის არის, რომ კვლევის მეთოდოლოგიის შესაბამისად, დიმიტრი ალექსიძის თანამედროვეთა მოგონებების და თეატროლოგთა ციტატების და რუსთაველის თეატრის მუზეუმის ექსპონატების ანალიზით შეიქმნა ერთიანი სურათი დიმიტრი ალექსიძის გოლდონიადისა, როგორც განსაკუთრებული მოვლენისა ქართულ სათეატრო ხელოვნების ისტორიაში, რომელის კვალიც დღემდე მოყვება ჩვენს კულტურას.
კიდევ ერთი შედეგი, რომელიც ჩემთვის, როგორც ლექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: თანამედროვე ახალგაზრდები პრაქტიკულად არ იცნობენ დიმიტრი ალექსიძის შემოქმედებას. ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი შესანიშნავი რეჟისორის, დიმიტრი (დოდო) ალექსიძის შემოქმედებით ახლგაზრდების დაინტერესება იქნება.