ზოომორფული ორნამენტით დეკორირებული მოჭიქული კერამიკა ქუთაისის ისტორიული მუზეუმიდან: მხატვრული და იკონოგრაფიული ანალიზი

Main Article Content

ირინა უგრეხელიძე
ნონა ქარციძე
ნინო სარავა

ანოტაცია

წინამდებარე კვლევა ეძღვნება ქუთაისის ისტორიული მუზეუმის კოლექციაში დაცული ზოომორფული ორნამენტით დეკორირებული შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკის მხატვრულ, ტექნოლოგიურ და იკონოგრაფიულ ანალიზს. კვლევის მიზანია აღნიშნული ნიმუშების ტიპოლოგიური თავისებურებების გამოვლენა, მათი დეკორატიული სისტემის შესწავლა, საქართველოსა და უცხოეთის ანალოგიურ მასალასთან შედარება და იმ კულტურული პროცესების წარმოჩენა, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მათი მხატვრული სახის ჩამოყალიბებაზე. კვლევა ეფუძნება კომპლექსურ მეთოდოლოგიას, რომელიც აერთიანებს ფორმალურ-მორფოლოგიურ, სტილისტურ, იკონოგრაფიულ და შედარებით-ისტორიულ ანალიზს.


კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქუთაისის ისტორიული მუზეუმის კოლექციაში დაცული ზოომორფული მოჭიქული კერამიკა წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებული ნიმუშებით. კერამიკის შემორჩენილი ფრაგმენტების მოხატულობაში გვაქვს მტაცებელი ცხოველების – ლომისა და ავაზის გამოსახულებები, რომლებიც შესრულებულია მოხატვის, ამოკაწვრისა და კომბინირებული ტექნიკით. შედარებითმა ანალიზმა გამოავლინა მნიშვნელოვანი პარალელები საქართველოს სხვა რეგიონების, აგრეთვე ბიზანტიური, ირანული და ევროპული კერამიკული ტრადიციების ნიმუშებთან. იკონოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული გამოსახულებები მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას არ ასრულებდა, არამედ დაკავშირებული იყო ძალაუფლების, მფარველობის, სიმამაცისა და მეფური ღირსების სიმბოლურ წარმოდგენებთან.


კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ქუთაისელი ოსტატები ორგანულად აერთიანებდნენ ადგილობრივ მხატვრულ ტრადიციებსა და უცხოურ კულტურულ გავლენებს. ნაშრომი მნიშვნელოვნად ავსებს შუა საუკუნეების ქართული მოჭიქული კერამიკის შესახებ არსებულ ცოდნას, ხელს უწყობს ზოომორფული ორნამენტიკის ტიპოლოგიისა და იკონოგრაფიის დაზუსტებას და ქმნის საფუძველს შემდგომი ინტერდისციპლინური კვლევებისა და სამუზეუმო კოლექციების სამეცნიერო ატრიბუციისათვის.

საკვანძო სიტყვები:
მოჭიქული კერამიკა, ზოომორფული ორნამენტი, ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, იკონოგრაფია, კერამიკული ხელოვნება
გამოქვეყნებული: Nov 10, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
ხელოვნებათმცოდნეობა