ეთნოსტილი თანამედროვე სამოსში
Main Article Content
ანოტაცია
ქართული ტრადიციული სამოსი ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ხელთუქმნელი ძეგლია, მისი იდენტობის, ღირებულებების და მსოფლმხედველობის გამოხატულება. ქართულმა ეროვნულმა სამოსმა ჩამოყალიბების რთული და ხანგრძლივი გზა განვლო. სხვადასხვა დროს საქართველოს მთაში, ბარში და ზღვისპირეთში ჩამოყალიბდა საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი, მაგრამ ერთი ქართული ხასიათის ტრადიციული სამოსი, რომელიც თავისი ორიგინალობით, დახვეწილობით და ელეგანტურობით მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ტრადიციული სამოსის ნიმუშები მუზეუმების საკუთრება გახდა და კოლექციებში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. დღეისათვის მოდის ინდუსტრიასა და სამოსის დიზაინში დიდია ინტერესი ტრადიციული სამოსის მდიდარი მემკვიდრეობისადმი. დიზაინერთა შემოქმედებაში დიდი ადგილი ეთმობა კოლექციებს ტრადიციულ სამოსის ინსპირაციით. თანამედროვე ტანსაცმლის კოლექციის შექმნა ტრადიციული სამოსის ელემენტებისაგან, დიზაინერ-მოდელიერისათვის საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. არასწორადაა მიჩნეული, რომ ამისათვის საკმარისია ეროვნული ტანსაცმლის ელემენტების კოპირება და თანამედროვე ტანსაცმელში ბრმად გადატანა. ტრადიციული სამოსის სამუზეუმო ნიმუშების შესწავლის, ქართული ეროვნული სამოსის, მისი კონსტრუქტორულ-კომპოზიციური მახასიათებლების, გამოყენებული ქსოვილების სტრუქტურული მაჩვენებლების, სამომხმარებლო თვისებების და სოციოლოგიური კვლევის შედეგების გათვალისწინებით შემუშავებულ იქნა თანამედროვე კოლექციის კონცეფცია.
შემუშავებული კონცეფციის შესაბამისი, ეთნოსტილში გადაწყვეტილი თანამედროვე ტანსაცმლის კოლექცია შედგება ქალის საღამოს კაბის ხუთი მოდელისაგან. ეთნოსტილი გამოსახულია თითოეული მოდელის ფორმის, დეკორისა და ფერის გადაწყვეტაში, რომელთა ურთიერთქმედება და ჰარმონიული შერწყმა ავსებს და აერთიანებს მოდელებს, წარმოაჩენს მათ, როგორც ერთი მთლიანობის შემადგენელ ნაწილს. კოლექციაში საინტერესო აქცენტს ქმნის მოსაცმელთა ფორმის გადაწყვეტა, სარტყელ-გულისპირისა და ფარაგას იმიტაცია კი დინამიურობას ანიჭებს მას. ესკიზური პროექტის შესრულების შემდეგ განხორციელდა ქალის ტანსაცმლის კოლექციის კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური დაგეგმარება.
შესრულებულ სამუშაოს აქვს დიდი მნიშვნელობა თანამედროვე ტანსაცმლის ასორტიმენტის გაფართოების, ქართული ტრადიციული სამოსის პოპულარიზაციისა და მომავალი თაობებისათვის ქართული კულტურული ტრადიციების გადაცემის საქმეში.