კინორეჟისორ ზაზა ხალვაშის შემოქმედების რამდენიმე ასპექტი

Main Article Content

ინგა ხალვაში

ანოტაცია

ნაშრომი ეხება ქართველი კინორეჟისორის, 80-იანელთა თაობის წარმომადგენლის, ზაზა ხალვაშის შემოქმედების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს. ნაშრომში გაანალიზებულია ზაზა ხალვაშის შემოქმედებითი ევოლუცია სოციალური პროტესტისა და რეალობის კრიტიკული გააზრებიდან პოეტურ-მეტაფორულ და კოსმოლოგიურ ხედვამდე.


კვლევის მიზანია რეჟისორის მხატვრულ-ესთეტიკური პრინციპების, შემოქმედებითი მეთოდის, სოციალური და ეგზისტენციალური პრობლემატიკისა და კინემატოგრაფიული მსოფლმხედველობის ანალიზი, რაც ეფუძნება რეჟისორის მხატვრული ფილმების, ავტობიოგრაფიული წიგნის „მეფილმის დღიურები“, კინოკრიტიკოსთა შეფასებების, სატელევიზიო გადაცემებისა და ინტერვიუების შესწავლას. კვლევა გამოკვეთს ფილმებში: „იქ, ჩემთან“, „მიზერერე“, „სოლომონი“, „ნამე“ და „ლოტო“ სოციალური გაუცხოების, ადამიანის სულიერი მდგომარეობის, ბუნებასთან კავშირის, რწმენის, სიყვარულისა და თანადგომის თემებს.


რეჟისორისთვის დამახასიათებელია შავ-თეთრი კინოესთეტიკა, იმპროვიზაციული მეთოდი, არასრული ან თავისუფალი სცენარით მუშაობა და არაპროფესიონალი მსახიობების გამოყენება. ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს ფილმებში პერსონაჟთა ყოფით, სოციალურ თუ სულიერ კრიზისებზე. „იქ, ჩემთან“ ოჯახისა და სოციალური გარემოს რღვევის პრობლემას წარმოაჩენს, „მიზერერე“ საზოგადოებრივი გულგრილობისა და ქაოსის განცდას აძლიერებს, ხოლო „სოლომონი“ არარეალიზებული შემოქმედისა და რეალობის დაპირისპირებას ასახავს. „ნამეში“ მნიშვნელოვანია ადამიანის, ბუნებისა და რწმენის ჰარმონიულ ერთობა. „ლოტო“ კი ნოსტალგიის, ადამიანური ურთიერთობების წარმავლობისა და თანადგომის მნიშვნელობას წარმოაჩენს. რეჟისორის კინემატოგრაფიული ენა აერთიანებს რეალისტურ დაკვირვებას, ექსპერიმენტულ ფორმას, მეტაფორულ აზროვნებასა და ფილოსოფიურ განზოგადებას. ეს თავისებურებები მის კინოს განსაკუთრებულ თვითმყოფადობასა და ინტელექტუალურ მთლიანობას ანიჭებს.

საკვანძო სიტყვები:
ზაზა ხალვაში, ქართული კინო, 80-იანელები, კინოესთეტიკა, ეგზისტენციალიზმი
გამოქვეყნებული: ნოე 10, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
კინომცოდნეობა