ცნობიერების ნაკადის სათეატრო მოდერნისტულ მოდელად გარდაქმნა

Main Article Content

ლელა წიფურია

ანოტაცია

XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო რეჟისორი, მრავალი საერთაშორისო პრემიის, მათ შორის 2021 წლის ვენეციის ბიენალეს გამარჯვებული, ვარშავის „ნოვა თეატრის“ ხელმძღვანელი ქშიშტოფ ვარლიკოვსკი მაღალმხატვრულ პროზაზე წერს: „ყველაზე ხშირად პროზას მივმართავ ხელმძღვანელობისთვის. დღითი დღე ვფიქრობ მწერლებზე, რომლებმაც თითქმის ასი წლის წინ წინასწარმეტყველურად, მაგრამ ასევე თავშეკავებულად აღწერეს ევროპული ღმერთების დაცემა, ბინდი, რომელმაც ჩვენი ცივილიზაცია ჩაძირა სიბნელეში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განათებული. მე ვფიქრობ ფრანც კაფკაზე, თომას მანზე და მარსელ პრუსტზე...“ როგორ გარდაიქმნება სიუჟეტურ პერიპეტიებს და ქმედით წიაღსვლებს მოკლებული, ცნობიერების ნაკადის მარსელ პრუსტისეული  ანალიტიკური პროზა აუდიოვიზუალურ ნაწარმოებად? ეს საკითხი იქნება განხილული წარმოდგენილ ნაშრომში.


მარსელ პრუსტი ფრანგული ლიტერატურის უთვალსაჩანოესი წარმომადგენელია.  ვარლიკოვსკიმდე პრუსტის რომანი ცნობილმა გერმანელმა კინორეჟისორმა ფოლკერ შლიონდორფმა გადაიღო. რა სხვაობაა ფილმის და სპექტაკლის რეჟისორების მხატვრულ კონცეფციებში? ფოლკერ შლიონდორფის ფილმი ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ქშიშტოფ  ვარლიკოვსკის აღიარებულ სპექტაკლს, თბილისელ მაყურებელს მისი ხილვის საშუალება 2017 წელს ჰქონდა თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. რა მნიშვნელობა ენიჭება სათეატრო წარმოდგენების ჩვენებას და უახლეს პოლონურ კულტურასთან ზიარებას საქართველს და პოლონეთის ურთიერთობაში? როგორი გამოხმაურება ჰპოვა სპექტაკლმა ქართველ მაყურებელთა შორის და როგორ შეაფასეს იგი კრიტიკოსებმა? ნაშრომი ამ საკითხებსაც ეხება.


ვრცლად შემოგთავაზებთ მარსელ პრუსტის პროზის ინტერპრეტაციის ვარლიკოვსკისეულ ვერსიას. მარსელ პრუსტი ლიტერატურულ ტექსტში დეტალებად შლის სამყაროს, ამ დეტალებს სკურპულოზური სიზუსტით აღწერს და მერე თითქოს მოზაიკასავით აწყობს ერთ მთლიანობად. ვარლიკოვსკის წარმოდგენაში, თითოეული პერსონაჟი ასევე სკურპულოზურად არის დამუშავებული. ყველა მათგანი შემოდის საკუთარი ბიოგრაფიით, სრულიად სხვადასხვარი პლასტიკით, სპეციფიურად დამუშავებული ხმის ტემბრითა და მოძრაობებით. ყველა ერთად კი, შუშის სამხეცეში ერთიანდება. ეს შუშის სამხეცე ვარლიკოვსკის მიერ სამყაროს მოდერნისტულ მოდელად არის წარმოსახული სპექტაკლში.


როგორ გარდაიქმნება XX საუკუნის დასაწყისის საპროგრამო რომანი XXI საუკუნის დასაწყისის საპროგრამო წარმოდგენად? ამ პროცესის ანალიზს გთავაზობთ.

საკვანძო სიტყვები:
ვარლიკოვსკი, სპექტაკლი, პრუსტი, მოდერნიზმი
გამოქვეყნებული: ნოე 10, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
თეატროლოგია