ფუგის აღქმის პოტენციალი (მეცნიერ შალვა ასლანიშვილის ალტერნატიული ხედვა)

Main Article Content

მაია ტაბლიაშვილი

ანოტაცია

მუსიკალურ კომპოზიციებს შორის ერთ-ერთი საინტერესოა ფუგის ფორმა. იგი არც თუ იშვიათად ერთდროულობაში ნაირგვარ კომპოზიციურ ვერსიებს წარმოქმნის. პოლიფონიური ხელოვნების უბადლო ოსტატის ი.ს. ბახის მაღალმხატვრული ქმნილება „კარგად ტემპერირებული კლავირის“ ორივე ტომი არაერთი მეცნიერისთვის გამხდარა სხვადასხვა ასპექტით კვლევის ობიექტი. მათ შორისაა მუსიკისმცოდნე შალვა ასლანიშვილის ნაშრომი „ბახის ფუგების ფორმისშემქმნელი პრინციპები“.


წინამდებარე სტატიის მიზანია მეცნიერის ალტერნატიულ პოზიციის განხილვა ფუგის ფორმის აღქმასთან მიმართებით. მკვლევარი ნაშრომში ეხება ფუგის თემატიზმს, სტრუქტურულ ელემენტებს, ტონალური განვითარების საკითხს და მის თემატიზმთან კავშირს, კომპოზიციის დანაწევრების პირველად და მეორეულ ნიშნებს, ფორმის ნაწილების ურთიერთმიმართებას. ნაშრომში ორიგინალურად არის გააზრებული ფუგის კომპოზიცია, რაც განპირობებულია ფორმაქმნად კრიტერიუმებს შორის ავტორისთვის უპირატესის გამოვლენით.


განსხვავებული მიდგომის მიზეზია თემატური ფაქტორის პრიმატი, მისთვის წამყვანი ფორმაქმნადი მნიშვნელობის მინიჭება. მეტად სპეციფიკურია ავტორის ტონალურ ფაქტორთან მიმართება. მის მეორე პლანზე გადატანას ფუგებში შეიძლება მოყვეს ბაროკოს ეპოქის მახასიათებლების ჩრდილში მოქცევა. შედეგად, ვიღებთ ფუგის ფორმის ნაკლებ ვერსიებს, რამაც შესაძლოა შეზღუდოს მისი კომპოზიციური მრავალფეროვნების პოტენციალი.


ფუგის აღქმისას მნიშვნელოვანია ფორმის განმსაზღვრელ ფაქტორთა ღია თუ ვუალირებული აცდენები, რაც პოლიფონიური მუსიკის მუდმივ პროცესუალობას უსვამს ხაზს. აქედან გამომდინარე, არაერთი ვერსიის არსებობა, თავად ფუგის კომპოზიციის პოლიფონიური, კონტრაპუნქტული გააზრების პოტენციალის გამოვლენის შედეგია. თავად ფუგა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ იყოს მრავალფეროვანი, და ამით საშემსრულებლო ინტერპრეტაციის ნაირგვარობისკენ გვიბიძგოს. და მაინც, რასთან გვაქვს საქმე - ფუგის პოტენციალთან თუ მკვლევრის ალტერნატიულ ხედვასთან? აი პასუხიც - ერთთანაც და მეორესთანაც.

საკვანძო სიტყვები:
პოლიფონია, ფუგა, თემატიზმი, ტონალობა, კონტრაპუნქტი
გამოქვეყნებული: Dec 17, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
მუსიკისმცოდნეობა