„ფრეკენ ჟულის“ ინტერპრეტაცია უახლეს ქართულ თეატრში
Main Article Content
ანოტაცია
ახალი დრამის ერთ-ერთი ფუძემდებლის ავგუსტ სტრინდბერგის დრამატურგიას ვერც ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას ვერ მივაკუთვნებთ. შექმნილი აქვს: ისტორიული დრამები, ნატურალისტური და ფსიქოლოგიური ხასიათის პიესები, იყენებდა სიმბოლისტურ ხერხებს და მისტიკურ ელემენტებსაც. ბუნებით ექსპერიმენტატორი, მუდმივად ეძებდა ახალ თემატიკას, დრამის ახალ სტრუქტურას და ფორმებს.
თეორიულ ნაშრომებში ასაბუთებდა ახალი დრამის და სასცენო ხელოვნების შექმნის აუცილებლობას, რომელშიც უნდა შერწყმულიყო კლასიკის საუკეთესო ტრადიციები და ნოვატორობა.
სტრინდბერგი გრძნობდა საზოგადოებაში დაწყებულ კრიზისს და თითქოს იწინასწარმეტყველა კიდეც მისი მომავალი. ტექნიკურ პროგრესს თან მოჰყვა ადამიანის მარტოობისა და გაუცხოების, არაკომუნიკაბელურობის პრობლემა. ცხოვრების განვითარებასთან ერთად, ინდივიდი უპირისპირდება არა საზოგადოებას (როგორც იბსენის პიესებშია), არამედ მეორე ადამიანს, მისთვის ყველაზე ახლობელს, რომელშიც ხედავს კონკურენტს და მასთან ბრძოლით ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას.
გენდერულ საკითხები სტრინდბერგის არა ერთ ნაწარმოებშია, მათ შორის „ფრეკენ ჟულში“. პიესის ფსიქოლოგიურმა და სიუჟეტურმა კოლიზიებმა, დაძაბულობამ და ენერგეტიკული მუხტის სიმძაფრემ განაპირობა სხვადასხვა ქვეყანაში მისი პოპულარობა.
რამდენიმე წელია, ლევან წულაძე თავისი დადგმებით საზოგადოებაში არსებული ძალადობის პრობლემატიკას იკვლევს, რომელშიაც ქალების მიმართ ძალადობას, ქალთა უფლებების თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. „კრეიცერის სონატა“, „დანაშაული და სასჯელი“, „ფიგაროს ქორწინება“ - მარჯანიშვილის თეატრში, „ოტელო“ და „ფრეკენ ჟული“ - „თეატრი სახელოსნო 42“-ში.
ლევან წულაძის ინტერპრეტაციით დადგმული „ფრეკენ ჟული“ ადამიანურ ღირებულებებზე, ადამიანთა შორის ურთიერთობებზე გამახვილებული აქცენტებით, ქალის და კაცის, ქალის და ქალის, მშობლების და შვილების, ბავშვობაში მიღებული ტრავმების შედეგებით, ტრაგიკულობამდე აყვანილი დრამაა. სტრინდბერგი ფრეკენ ჟულის ახასიათებს ნახევარ ქალად, სუსტ სახეობად, ბოროტების გამავრცელებლად, რომელსაც ხანგრძლივად სიცოცხლე არ უწერია. საბოლოო ჯამში, დრამატურგმა ძლიერი ადამიანის სახე შექმნა. მზარეულ კრისტინს კი ახასიათებს მონური ფსიქოლოგიის შტერ ქალად.
რეჟისორმა პიესის ტექსტის სასცენო ტექსტად გარდაქმნისას, აქცენტების გადაადგილებით შეცვალა ჟულისა და კრისტინის სახეები. ისინი არც სუსტები, არც „ბუნების შეცდომები“, არც „მონსტრები“ არიან. ისინი განსხვავებული წარმომავლობით, ერუდიციით, მეთოდებით თავიანთი უფლებებისთვის, თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან. მართალია, ჟული თავს იკლავს, მაგრამ ეს თვითმკვლელობა არა დამარცხების, არამედ გამარჯვების ტოლფასია. ვინაიდან ჟული იმ ქალების წინამორბედია, რომლებმაც მისი თვითმკვლელობიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღეს.