XII საუკუნე და ქართული თეატრი

Main Article Content

თამარ ცაგარელი

ანოტაცია

წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია და გამოკვლეულია აღორძინების პერიოდის ქართულ თეატრის ნიშნები და ელემენტები. ქართულმა სანახაობითმა ხელოვნებამ მარტივი ხალხური ფორმებიდან თანამედროვე თეატრამდე მრავალსაუკუნოვანი გზა გაიარა. სანახაობითი კულტურის დიდ ტრადიციას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი თეატრალური ნაგებობები თუ სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, კოლხურ მონეტებსა და ქართლში ნაპოვნ სპილენძის მონეტებზე გამოსახული მოცეკვავე (ხარის ნიღბით) - იმდროინდელ ქართველ ტომებში სანახაობათა კულტურის არსებობაზე მეტყველებს. ჩვენში სანახაობითი კულტურის უძველეს ტრადიციას არქეოლოგიურ მონაპოვრებთან ერთად (და უპირატესადაც) ენობრივი მონაცემებიც ადასტურებენ. ისტორიულ-შედარებითი მეთოდის საშუალებით საერთო ქართველურ დონეზე აღდგება სანახაობითი კულტურის (სიმღერა-ცეკვის, საკრავების და ა.შ.) ტერმინები. შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის როგორც ორიგინალურ, ისე ნათარგმნ ძეგლებში დასტურდება ძველი ქართული დრამატული პოეზიის ფრაგმენტები და ელინისტური პერიოდის პანტომიმურ წარმოდგენათა აღწერა. ამავე ძეგლებში გვხვდება მრავალი ქართული მთავარი თეატრალური ტერმინები, რომლებიც ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია.


საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგაც, თეატრი ინარჩუნებს თავის არსებობას და შეიმჩნევა ეკლესიის ცდაც, თავდაპირველად მისი უარყოფა, ევროპის ქვეყნების ანალოგიურად, რასაც ადასტურებს იოანე ოქროპირი და ექვთიმე ათონელი. „სჯულის კანონით“ ქრისტიან მორწმუნეებს სასტიკად ეკრძალებოდათ ყოველივე, რაც თეატრალურ ხელოვნებას განეკუთვნებოდა. მისი ქადაგებების მიხედვით, შემდგომ კი, ეკლესიას ჰქონდა მცდელობა სათეატრო სახილველის გამოყენება მრევლის მოსაზიდად. XI-XIII საუკუნეებში განსაკუთრებულ განვითარებას აღწევს პანტომიმური სანახაობანი: განცხრომა, როკვა. ერთ-ერთი ასეთი პანტომიმური წარმოდგენა, ძველ ქართულ ძეგლში - „ბალავარიანშია“ აღწერილი.


XII საუკუნიდან, საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვისაუბროთ ქართველთა რენესანსულ პერიოდზე. აქ აღორძინების ეპოქა იყო გაგრძელება ბიზანტიის რენესანსისა, სადაც  გარკვეული პირობების გამო ეს მიმდინარეობა შეჩერდა და გაგრძელდა საქართველოში.


საკმარისია თვალი გადავავლოთ XI-XII საუკუნეების ქართული სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური აზრის მოძრაობას, რომ მასში დავინახავთ აღორძინების საწყისსა და აღმასვლის გზას. შესაბამისად თეატრიც, ხელოვნების სხვა დარგების, ლიტერატურისა და მეცნიერების მსგავსად ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ანტიკური ხელოვნების გავლენით. სამწუხაროდ, ამ პერიოდის ქართული სათეატრო სანახაობის შესახებ მწირი ცნობები მოგვეპოვება, შესაბამისად არ გვაქვს ლიტერატურა, სადაც დაფიქსირებული იქნება აზრი თეატრის შესახებ, თუმცა, ამ ეპოქის სათეატრო ცხოვრების შესახებ სხვადასხვა ისტორიული თუ ლიტერატურული ძეგლები გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ამ ეპოქის სასცენო ხელოვნების „გამოსახვის ფორმები“. ამის დამადასტურებლად ნაშრომში გაანალიზებულია დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა ისტორიული თუ ლიტერატურული მასალა.

საკვანძო სიტყვები:
საქართველო, თეატრი, ეპოქა, ისტორია, ლიტერატურა
გამოქვეყნებული: Dec 17, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
თეატროლოგია